2012 წლის 15 დეკემბერს სასტუმრო ამბასადორში გაიმართა სემინარი, რომელზეც საზოგადოების კვლევის ცენტრმა წარმოადგინა ორწლიანი აკადემიური კვლევის შედეგები. ორწლიანი სამეცნიერო კვლევა: "სოციალური კაპიტალის როლი სოფლის თემის განვითარებაში" დააფინანსა ფონდმა "შვეიცარიულ-კავკასიური აკადემიური ქსელი".
კვლევითმა ჯგუფმა წარმოადგინა კვლევისთვის შემუშავებული ახალი თეორიული მოდელი და ამ მოდელის ფარგლებში განხორციელებული თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგები. განხორციელებული პროექტი შეფასდა როგორც ინოვაციური საქართველოს რეალობისთვის. როგორც სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, წარმოდგენილი კვლევა საქართველოს სოფლის სოციალური სტრუქტურის სიღმისეული ინსტიტუციური ანალიზის პირველი მცდელობაა. კვლევა უაღრესად აქტუალურია ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების ფონზე, რომლებიც მიზნად ისახავენ სოფლად თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და სოფლის ეკონომიკის აღორძინებას,
კვლევითმა ჯგუფმა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლად არსებული სოციალური კაპიტალის ისეთ რესურსად ქცევას, რომელიც სრულფასოვნად ჩაერთვება სხვა ტიპის რესურსების (პოლიტიკური, ეკონომიკური) ურთიერთგაცვლის პროცესში.
კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (სოფლის მეურნეობა, რეგიონული მმართველობა, სოციოლოგია, იურისპრუდენცია ისტორია) და ახალგაზრდა მკვლევარები.
მარინა მუსხელიშვილი, ლია მეზვრიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი მარიამ ელიზბარაშვილი. 2012. სოციალური კაპიტალის როლი საქართველოს სოფლის განვითარებაში. გამომცემლობა უნივერსალი. თბილისი. 130გვ.